Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ამბულატორიული სერვისები

ხერხემლის ცენტრი

ფილტვის ცენტრი

დიაგნოსტიკის ცენტრი

იმუნიზაციის ცენტრი

საშარდე გზებისა და თირკმლის ცენტრი

ენდოკრინოლოგიისა და დიაბეტის ცენტრი

ალერგოლოგიისა და დერმატოლოგიის ცენტრი

ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი

ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი

რევმატოლოგიის ცენტრი

თვალის ცენტრი

რეაბილიტაციის ცენტრი

ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის ცენტრი

გასტროენტეროლოგიის ცენტრი

გულის ცენტრი

ლაბორატორია

ყბა-სახის ცენტრი

სტომატოლოგია

ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ფსიქიატრიის ცენტრი

ხერხემლის ცენტრი

ხერხემლის ცენტრი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში მოქმედი მძლავრი ამბულატორიული სერვისია, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს ხერხემლის პათოლოგიათა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სრულფასოვან შესაძლებლობას აძლევს.

დიაგნოსტიკისთვის კვლევის უახლესი მეთოდები გამოიყენება, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური კვლევები. პაციენტის ასაკის, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისა და ჩვენებების გათვალისწინებით ხორციელდება ყველა სახის თანდაყოლილი თუ შეძენილი დაავადებისა და ტრავმული დაზიანების მართვა. მათ შორისაა:

• ხერხემლის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციები;
• ხერხემლის ტრავმული დაზიანებები;
• ყველა სახის სქოლიოზი, მათ შორის - იდიოპათიური,
ნეიროფიბრომატული, პოსტტრავმული, თანდაყოლილი და სხვა;
• მალთაშუა დისკის თიაქრები;
• ნეკნოვანი კუზი და კისერმრუდობა;
• კიფოზი;
• არამდგრადი ხერხემალი;
• კუდუსუნის სხვადასხვაგვარი დეფორმაცია და სხვა.

ბავშვთა ასაკში ყველაზე მეტად გავრცელებული სქოლიოზისა და კიფოზის სამკურნალოდ, ძირითადად, გამოიყენება მკურნალობის ტრადიციული მეთოდები, რაც გულისხმობს სწორ სამკურნალო ვარჯიშებს, მასაჟებს, კორსეტისა და სამაგრების გამოყენებას, სწორად დაგეგმილ რეაბილიტაციასა და მანუალურ თერაპიას. ოპერაციული ჩარევა საჭირო ხდება მაშინ, როდესაც დეფორმაციის ხარისხი 40-45%-ს აჭარბებს.

ხერხემლის ცენტრი ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და მასში გამოცდილი ორთოპედების, ტრავმატოლოგებისა და ვერტებროლოგების გუნდი ერთიანდება. ცენტრს პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ირაკლი ვარძუკაშვილი ხელმძღვანელობს.

ფილტვის ცენტრი

ფილტვის ცენტრი ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მართვას ემსახურება. მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობა უზრუნველყოფს პერსონალიზებულ ამბულატორიულ სერვისს 0-დან 18 წლამდე იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სასუნთქი სისტემის თანდაყოლილი, შეძენილი, ალერგიული და იშვიათი პათოლოგიების, ასევე - ტუბერკულოზისა და გულმკერდის ღრუს ორგანოთა დაავადებების კუთხით სპეციალიზებული მომსახურების მიღება ესაჭიროებათ. მკურნალობის პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტია (პედიატრი, ბავშვთა პულმონოლოგი, ფტიზიატრი, ალერგოლოგი, ბავშვთა ქირურგი, ენდოსკოპისტი, რადიოლოგი) ჩართული.

წარმატებით იმართება ფილტვის რღვევით, პლევრული გართულებებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მიმდინარე დაავადებები, მწვავე რესპირაციული ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, კრუპი, ბრონქიოლიტი), ფილტვის ქრონიკული დაავადებები (კისტური ფიბროზი, ინტერსიციული პლევმონია, ბრონქული ასთმა) და ნერვ-კუნთოვანი გართულებების ფონზე მიმდინარე პულმონური პათოლოგიები. ასევე, ცენტრში ხელმისაწვდომია ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევების დიფერენციული დიაგნოსტიკა.

სასუნთქი სისტემის დიაგნოსტიკური მიმართულებით ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრია ხელმისაწვდომი. ტარდება მაღალტექნოლოგიური და სპეციფიკური გამოკვლევები. მათ შორის:

• სპირომეტრია - გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევა;
• ბაზისური ალერგიული სინჯები;
• კომპიუტერული ტომოგრაფია;
• რენტგენოლოგიური კვლევა;
• გულ-მკერდის ექოსკოპიური კვლევა;
• ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა, მათ შორის - ბრონქოსკოპია;
• მსტვინავი სუნთქვის ადრეული დიაგნოსტიკა WheezeScan-ის აპარატით;
• სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ვირუსული გამომწვევების სრული პანელის შესწავლა ლუგარის ლაბორატორიის ბაზაზე;
• ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის - ბაქტერიული, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური გამოკვლევა;

დიაგნოსტიკის ცენტრი

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს დიაგნოსტიკის ცენტრი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც ბავშვთა რადიოლოგიის ყველა სახის კვლევას უზრუნველყოფს, მათ შორის - სპეციფიკურ გამოკვლევებს. ცენტრი უზრუნველყოფს როგორც 0-დან 18 წლამდე პედიატრიული პაციენტების სრულფასოვან დიაგნოსტიკას, ასევე - პრენატალურ კვლევებს. ყოვლისმომცველი დიაგნოსტიკური სერვისები ვიზუალიზაციის მოწინავე ტექნოლოგიებს აერთიანებს ზუსტი და დროული დიაგნოზის დასმის მიზნით.

ცენტრში ბავშვთა ასაკის ყველა სახის კონტრასტული კვლევა ტარდება და ამ მიმართულებით ორგანოთა შესწავლას სრულფასოვნად ფარავს. ხელმისაწვდომია ცისტოგრაფია, ინტრავენური უროგრაფია, ურეთროგრაფია, ფისტულოგრაფია, ბავშვთა ურონეფროლოგიური და გასტროენტეროლოგიური დიაგნოსტიკის სრული სპექტრი. ასევე, წარმატებით ხორციელდება ძვალ-სახსროვანი სისტემის, ხერხემლის, კისრის მალების კონტრასტული კვლევები და რენტგენოგრაფია, რაც სხეულის შიდა სტრუქტურების გამოსაკვლევად მაიონებელ სხივებს იყენებს. მეთოდი შეუცვლელია მოტეხილობების, ინფექციების, ძვლის პათოლოგიების, ფილტვისა და სტომატოლოგიური ჩვენებების გამოსავლენად.

გარდა ამისა, ხელმისაწვდომია კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც ორგანოთა და ქსოვილთა შრეობრივი 3D ვიზუალიზაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა. კვლევის ამ მეთოდით ხორციელდება ისეთი დაავადებების გამოვლენა, როგორიცაა შიდა სისხლდენა, თავის ტვინის ან ძვლის ტვინის დაზიანებები, სხვადასხვა სახის სიმსივნე, შინაგანი მოტეხილობები და მრავალი სხვა.

ულტრაბგერითი მიმართულებით კი ცენტრში არსებული ულტრაბგერითი აპარატები გამოირჩევა მაღალი გარჩევადობის უნარით და მაქსიმალურად ახლო გამოსახულებას იძლევა. კვლევის ეს მეთოდი უმტკივნეულო და უსაფრთხოა და არ იყენებს დასხივებას, რაც მას აქცევს პირველი რიგის კვლევად ყველა ასაკის პედიატრიული მოვლისთვის. ულტრაბგერითი გამოკვლევა სრულად მოიცავს:

• მუცლის ღრუსა და საშარდე სისტემას;
• მცირე მენჯის ორგანოებს;
• ფარისებრსა და სარძევე ჯირკვლებს, სათესლე პარკსა და ჯირკვლებს;
• ლიმფურ კვანძებს, სანერწყვე ჯირკვლებს;
• ზედაპირულ რბილ ქსოვილებს;
• გულმკერდის ღრუს;

წარმატებით ხორციელდება სახსრების გამოკვლევა, ასევე კუნთების, მყესებისა და იოგების ვიზუალიზაცია. ხელმისაწვდომია ექოკარდიოგრაფია დოპლერით და ახლშობილის თავის ტვინის კვლევა - ნეიროსონოგრაფია.

იმუნიზაციის ცენტრი

იმუნიზაციის ცენტრი ვაქცინაციის ყოვლისმომცველ სერვისს აერთიანებს, რაც წარმოადგენს პრევენციულ მექანიზმს მრავალი დაავადებისა თუ სეზონური ინფექციის თავიდან ასარიდებლად. კაბინეტში ხორციელდება როგორც გეგმური, ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიური ვაქცინაცია ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ასევე - სეზონური გრიპების საწინააღმდეგო აცრები, არაგეგმური და მიზანმიმართული ვაქცინაცია.

ასაკით გათვალისწინებული გეგმური იმუნიზაცია მიმართულია ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც არის ყივანახველა, წითელა, წითურა, ყბაყურა, B ჰეპატიტი, დიფტერია, ტუბერკულოზი, როტავირუსი, პნევმოკოკი, ტეტანუსი, პოლიომიელიტი და სხვები. საქართველოში მოქმედი იმუნიზაციის კალენდრის თანახმად, პირველი იმუნიზაცია ახალშობილს სამშობიაროში, დაბადებისთანავე უტარდება (ტუბერკულოზისა და B ჰეპატიტის აცრა), რის შემდეგაც იზრდება მდგრადობა ინფექციური დაავადებების მიმართ.

არაგეგმური ვაქცინაცია აერთიანებს მონო და მრავალკომპონენტიან ვაქცინებს და მიმართულია მენინგიტის, A ჰეპატიტის, ჩუტყვავილას, ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ. ცენტრში ასევე ხელმისაწვდომია Covid 19-სა და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ცენტრში იმუნიზაციის ინდივიდუალური სქემა მუშავდება იმ პედიატრიული პაციენტებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა სახის დაავადება აღენიშნებათ (გენეტიკური, ჰემატოლოგიური, ონკოლოგიური, ნევროლოგიური). ვაქცინაცია უახლესი, საერთაშორისოდ აღიარებული პრეპარატებით მიმდინარეობს.

საშარდე გზებისა და თირკმლის ცენტრი

საშარდე გზებისა და თირკმლის ცენტრი ბავშვთა ნეფროლოგების, უროლოგებისა და პედიატრებისგან დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური სერვისია, რომელიც ამ მიმართულებით 0-დან 18-წლამდე პაციენტებს სრულფასოვან ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს.

ბავშვებში საშარდე სისტემის დაავადებები ხშირია. საკმაოდ გავრცელებულია შარდის შეუკავებლობის ეპიზოდები, ხშირი შარდვა, შარდვის გადაუდებელი მოთხოვნილება, საშარდე გზების მორეციდივე ინფექციები და სხვა. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ამ მიმართულებით ყველა სახის თანდაყოლილი თუ შეძენილი პათოლოგიის დიაგნოსტირება-მკურნალობაა შესაძლებელი.

დიაგნოსტიკური მიმართულებით ხელმისაწვდომია ცისტოსკოპია, ურეთროსკოპია, აღმავალი ცისტოურეთროგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევები. წარმატებით ხორციელდება ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა და შემდგომი მართვა, როგორიცაა:

• სასქესო ორგანოების თანდაყოლილი პათოლოგიები;
• საშარდე სისტემის ქრონიკული, შეძენილი თუ თანდაყოლილი
  დაავადებები;
• ონკოუროლოგიური დაავადებები;
• საშარდე გზების ინფექციები;
• თირკმლის თანდაყოლილი ანომალიები და განვითარების მანკები და       სხვა;

ენდოკრინოლოგიისა და დიაბეტის ცენტრი

ენდოკრინოლოგიისა და დიაბეტის ცენტრი აერთიანებს ყოვლისმომცველ ამბულატორიულ მომსახურებას, რომელიც ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებს არის მორგებული. ენდოკრინული დარღვევების სწორ და დროულ მართვას გადამწყვეტი როლი ენიჭება ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში. შესაბამისად, ამ მიმართულებით მძლავრი სერვისის არსებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ცენტრში წარმატებით ხდება პაციენტების მართვა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით, სიმაღლეში ზრდის შეფერხებით, მეტაბოლური და ჰორმონული დარღვევებით, ჭარბი წონით, სქესობრივი დიფერენცირების დარღვევით და სხვა. ხელმისაწვდომია ფართო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრასონოგრაფი და სხვა).

დაავადებათა მართვის მეთოდები თანამედროვე გაიდლაინებს ეყრდნობა. ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, ინსულინ-დამოკიდებული პაციენტების მკურნალობა ტექნოლოგიური ინოვაციის მეთოდით ხორციელდება. გამოიყენება ინსულინის ტუმბო, რომლითაც ინსულინის ფიზიოლოგიურ გამომუშავებასთან მიახლოებული ეფექტი მიიღწევა. ასევე, ენდოკრინოლოგიისა და დიაბეტის ცენტრში წარმატებით ხორციელდება ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიც არის:

• თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი და შეძენილი დისფუნქცია;
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
• შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი;
• ჰიპოგლიკემიები (ნეონატალური ასაკიდან);
• ჭარბი წონა, წონის დეფიციტი;
• სიმაღლეში ზრდის დარღვევები;
• სქესობრივი დიფერენციაციის დარღვევები (DSD);
• ენდოკრინოლული სიმსივნეები;
• სიმსივნის შემდგომი ენდოკრინოპათიები;
• არტერიული ჰიპერტენზიის ენდოკრინული მიზეზები;
• იშვიათი გენეტიკური დაავადებები;

გარდა ამისა, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო ენდოკრინული მიმართულებით სრულყოფილად მართავს ისეთ იშვიათ დაავადებებს, როგორიცაა ქონდროდისპლაზიები, პრავედ ვილის სინდრომი, ჰიპოპიტუიტარიზმი, დაუნის სინდრომი, მაკუნ ოლბრაიტის სინდრომი, ნუნანის სინდრომი, კორნელია დე ლანგის სინდრომი.

ალერგოლოგიისა და დერმატოლოგიის ცენტრი

ალერგოლოგიისა და დერმატოლოგიის ცენტრი ბავშვთა ასაკში ნებისმიერი სირთულის ალერგიული დაავადების, კანის, ლორწოვანი გარსის, თმისა და ფრჩხილის პათოლოგიების დიაგნოსტიკა-მკურნალობას ითვალისწინებს. სერვისი მოიცავს როგორც კონსულტაციებს სპეციალისტებთან, ასევე - ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის - სინჯებს ალერგენებზე.

დერმატოლოგიის, ალერგოლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის დარგები მჭიდროდ არის დაკავშირებული მსგავსი ტიპის პათოლოგიების გამოვლენისას, ამიტომ მკურნალობა ჰოსპიტალში კომპლექსურად მიმდინარეობს. ხორციელდება ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა/მართვა, როგორიცაა:

• კანის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციები;
• ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების დაავადებები 
• აკნე, დერმატოზოონოზები, ქავანა დერმატოზები, პერიორალური დერმატიტი;
• ახალშობილთა კანის დაავადებები  და კანის პიგმენტაციის დარღვევები;
• ფსორიაზი, იქთიოზი;
• თმის ზრდის და ცვენის პრობლემები და სხვა.

ბავშვთა ასაკის ალერგიულ პათოლოგიათა შორის ხშირია ატოპური დერმატიტის, ურტიკარიის, ანგიონევროზული შეშუპების, ალერგიული რინიტის, ბრონქული ასთმისა და სხვა დაავადებების ჩვენება. აღსანიშნავია, რომ ცენტრში ხდება ბავშვთა ასაკში იშვიათი და მძიმე ალერგიული სინდრომების დიაგნოსტირება, რომელთა მართვაც შემდგომ სტაციონარულ რეჟიმში გრძელდება. ესენია:

• ბულოზური მრავალფორმიანი ერითემა: სტივენ-ჯონსონის სინდრომი (SJS);
• ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი: ლაილას სინდრომი (TEN);
• ბულოზური პემფიგოიდი;
• წამლით ინდუცირებული ჰიპერსენსიტიური სინდორმი (DIHS/DRESS);
• ანაფილაქსია;
• ანაფილაქტოიდური მდგომარეობები (მართვა მულტიდისციპლინური მიდგომით);

ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი

ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის პედიატრიული ამბულატორიული ცენტრი ბავშვთა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და კუნთოვანი ქსოვილების დაავადებების დიაგნოსტიკა-მკურნალობას მოიცავს. ბავშვთა ორთოპედებით, ბავშვთა ტრავმატოლოგებით, ფიზიოთერაპევტებითა და სპეციალიზებული ექთნებით დაკომპლექტებული გუნდი მიმართულია, თითოეულ პაციენტს მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ამბულატორიული სერვისი შესთავაზოს.

სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოლოგიური, კონტრასტული და ექოსკოპიური კვლევები, რაც საფუძვლიანი კლინიკური შეფასების გაკეთების საშუალებას იძლევა. ცენტრი ფოკუსირებულია ისეთი მდგომარეობების დიაგნოზსა და არაქირურგიულ მკურნალობაზე, როგორიცაა მოტეხილობები, დისლოკაციები, დაჭიმულობა, თანდაყოლილი და განვითარების ისეთი დარღვევები, როგორიცაა სქოლიოზი, ტერფის და ბარძაყის დისპლაზია და მრავალი სხვა.

აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური მიმართულებით პედიატრიულ პაციენტებს განსაკუთრებით წარმატებით მართავს ჰოსპიტალური განყოფილება, სადაც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სრულფასოვანი ქირურგიული მკურნალობაა შესაძლებელი (მატ შორის ონკოდაავადებები, ნეიროდაავადებები, ტრავმები და სხვა).

ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი

ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი 28-დღიდან 18 წლამდე პაციენტებს მათზე მორგებულ, სრულფასოვან დიაგნოსტიკურ და ამბულატორიულ სერვისს სთავაზობს. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით და ხორციელდება თანამედროვე ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული კვლევები. მათ შორის, ხელმისაწვდომია:

• რენტგენოლოგიური კვლევა;
• კომპიუტერული ტომოგრაფია;
• სუბმანდიბულარული (ქვედა ყბისქვეშა და ხახის) კვლევა;
• აუდიოლოგიური კვლევა (სმენის ტესტირება);
• ფიბროლარინგოსკოპია (ცხვირ-ხახის კვლევა);
• ცხვირის ენდოსკოპია;
• ლარინგოლოგიური კვლევა;
• ბაქტერიული კვლევა;
• ტიმპანომეტრია (ყურის გამოკვლევა);
• ცხვირის ფუნქციური კვლევები;
• ლაბორატორიული კვლევები;

ოტორინოლარინგოლოგიის ცენტრი ყოვლისმომცველი ამბულატორიული სერვისების წამყვანი მიმწოდებელია პედიატრიულ პაციენტებში. მომსახურება მოიცავს თერაპიული მკურნალობის ფართო სპექტრს. ზუსტი დიაგნოსტიკის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მაღალი სირთულის ქირურგიულ ჩარევებს წარმატებით მართავს ოტორინოლარინგოლოგიის განყოფილების სამედიცინო პერსონალი.

რევმატოლოგიის ცენტრი

რევმატოლოგიის ცენტრი უზრუნველყოფს სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას აუტოიმუნური და ანთებითი დარღვევების მქონე პედიატრიული პაციენტებისთვის. ხორციელდება ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობა, როგორიც არის წითელი მგლურა, ვასკულიტი, სისტემური და სხვა სახის ართრიტები და სხვა. ცენტრში თითოეული პაციენტის კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პერსონალიზებული მოვლაა ხელმისაწვდომი.

რევმატოიდული დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა პედიატრიულ პაციენტებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რევმატოლოგთან მიმართვის საჭიროება დღება ისეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, როგორიც არის ადვილად დაღლა, შეშუპება, შეზღუდვა სახსრების არეში, პერიოდული აუხსნელი ცხელება, ზოგადი სისუსტე, ჰემორაგიული გამონაყარი კანზე და სხვა.

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში ჩართულია მრავალპროფილური გუნდი და ხორციელდება კომპლექსური მიდგომა.

თვალის ცენტრი

ბავშვთა ასაკში ოფთალმოლოგიური დარღვევები, თანდაყოლილი დაავადებები და შეძენილი დისფუნქციები - იაშვილის საავადმყოფოს თვალის ცენტრი 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს სრულფასოვან სერვისს სთავაზობს. ამ მიმართულებით ხელმისაწვდომია სადიაგნოსტიკო ოფთალმოლოგიური აპარატები, რომლებიც პედიატრიული ასაკის პაციენტების სრულყოფილ გამოკვლევას უზრუნველყოფს.

თვალის ცენტრში ხორციელდება სხვადასხვა სირთულის მხედველობის კორექცია, მკურნალობა კონსერვატიული და ქირურგიული (მათ შორის ლაზერული მკურნალობა) მეთოდებით. ასევე, ხელმისაწვდომია დღენაკლულ ახალშობილთა ოფთალმოლოგიური სკრინინგი და რეტინოპათიის მართვა.

წარმატებით იმართება ისეთი ოფთალმოლოგიური პათოლოგიები ბავშვებში, როგორიცაა: ყველა ფორმის სიელმე, გლაუკომა, კატარაქტა, საცრემლე აპარატის დაავადებები, ბადურის თანდაყოლილი/შეძენილი პათოლოგიები, რეფრაქციის ანომალიები და თვალის ტრავმულ/ქიმიური დაზიანებები. თვალის ცენტრში წარმატებით ხორციელდება ასევე ოკულოპლასტიკა ბავშვთა ასაკში.

რეაბილიტაციის ცენტრი

რეაბილიტაციის ცენტრი ფიზიკური თერაპიის საჭიროების მქონე პედიატრიულ პაციენტებს აბილიტაციური და რეაბილიტაციური სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს. ცენტრში გათვალისწინებულია როგორც თანდაყოლილი მანკებისა და პათოლოგიების შედეგად დაზიანებული მოტორული ფუნქციის აღდგენა, ასევე - სხვადასხვა სახის თერაპია შეძენილი დაავადებებისა და ტრავმისშემდგომი (მათ შორის, პერინატალური პერიოდის) გართულებების დროს.

რეაბილიტაციის ცენტრი პაციენტებს გარკვეული უნარების გამომუშავებაში ეხმარება, ასწავლის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო ჩვევებს და გარემოსთან ადაპტაციაში უწყობს ხელს. ხელმისაწვდომია თერაპიით მკურნალობა ისეთი დარღვევების დროს, როგორიც არის მოტორული სფეროს განვითარების შეფერხებები, ძვალ-სახსროვანი სისტემის თანდაყოლილი პრობლემები, ტრავმისშემდგომი პათოლოგიები, ნეიროდარღვევები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ სერვისის უწყვეტობა რეაბილიტაციის ცენტრის მთავარი ამოცანაა. შესაბამისად, მაღალი დონის აბილიტაცია-რეაბილიტაცია ექიმების მუშაობის განუყოფელი ნაწილია და მათი მრავალწლიანი გამოცდილება სწორედ რთული შემთხვევების მართვას ეფუძნება.

ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის ცენტრი

ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის პედიატრიული ცენტრი ყველა სახის სიმსივნისა და სისხლის დარღვევების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს სრულფასოვან ამბულატორიულ სერვისს სთავაზობს. ცენტრი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი სპეციალისტებით და ბავშვთა ონკოლოგებს, ჰემატოლოგებს, რადიოლოგებს, პათოლოგ-ანატომებსა და ექიმ-გენეტიკოსებს აერთიანებს. სიმსივნით დაავადებული პედიატრიული პაციენტებისთვის გათვალისწინებულია ტკივილის მართვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისიც, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის პროცესში.

დიაგნოსტიკური მიმართულებით ხელმისაწვდომია:

• ლაბორატორიული ანალიზები, მათ შორის - სისხლის საერთო ანალიზი;
• მიკროსკოპირებით;
• რენტგენოლოგიური კვლევები;
• ულტრაბგერითი კვლევები;
• კომპიუტერული ტომოგრაფია;
• მორფოლოგია;

ამბულატორიულ ცენტრში წარმატებით ხორციელდება ისეთი სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტირება, როგორიცაა:

• ყველა სახის შეძენილი ანემია;
• ყველა სახის თანდაყოლილი ანემია (თალასემია, მიკროსფეროციტოზი, G6PD, პირუვატ-კინაზის დეფიციტი და ა.შ.);
• თრომბოციტოპენიური პურპურების ყველა ქვეტიპი;
• კოაგულოპათიები;
• მიელოდისპლაზიური სინდრომები;
• ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული GVHD-
ის მწვავე და ქრონიკული ფორმები;
• სოლიდური სიმსივნეები;

 

გასტროენტეროლოგიის ცენტრი

გასტროენტეროლოგიის ცენტრი პედიატრიულ საკონსულტაციო-დიაგნოსტიკურ სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს. ტარდება საჭმლის მომნელებელი სისტემის სრულფასოვანი ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული გამოკვლევა და მკურნალობა.

პედიატრიულ პაციენტებში გასტროენტეროლოგიური პათოლოგიების ძირითადი გამომწვევებია ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, კვებითი ფაქტორები, ანატომიური, გენეტიკური, აუტოიმუნური და ფუნქციური დარღვევები (კოლიკა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, გასტრიტი და მრავალი სხვა). იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიის ცენტრში ამ და სხვა პათოლოგიათა დიაგნოსტიკა-მართვა წარმატებით ხორციელდება. ასევე, შესაძლებელია ღვიძლისა და პანკრეასის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა, კვების დარღვევის კორექცია, ისეთი კომპლექსური პათოლოგიების მართვა, როგორიც არის ანორექსია, ცელიაკია, კისტური ფიბროზი.

გასტროენტეროლოგიის ცენტრში ხელმისაწვდომია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კვლევის ნებისმიერი მეთოდი: კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოლოგიური კვლევა, კონტრასტული კვლევები, ენდოსკოპიური გამოკვლევები (გასტროსკოპია, კოლონოსკოპია), რაც ზუსტი დიაგნოზის დასმას უზრუნველყოფს და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას ამარტივებს.

საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით ტარდება. მათ შორის, ხორციელდება ჩარევები ნაღვლის ბუშტზე, საყლაპავზე, სწორ ნაწლავზე, მსხვილ ნაწლავზე, ღვიძლზე, პანკრეასსა და სანაღვლე სადინრებზე. აღსანიშნავია, რომ სანაღვლე გზების თანდაყოლილი ატრეზიის ქირურგია მხოლოდ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოშია ხელმისაწვდომი. კლინიკაში ხორციელდება ასევე სხვადასხვა სახის თიაქრის კორექცია და სხვა.

გულის ცენტრი

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს გულის ცენტრი ახალშობილებში, ჩვილებსა და 18 წლამდე პედიატრიულ პაციენტებში დაავადებათა პრევენციასა და თანდაყოლილი თუ შეძენილი პათოლოგიების დიაგნოსტიკა-მკურნალობას მოიცავს. წარმატებით ხორციელდება გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების თანდაყოლილი მანკების პრენატალური დიაგნოსტირება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაბადების შემდგომ ლეტალობის რისკს.

გული ცენტრში დიაგნოსტიკური საშუალებები სრულფასოვნად არის წარმოდგენილი. მათ შორის, ხელმისაწვდომია შემდეგი კვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია, ნაყოფის გულის ულტრასონოგრაფია, 24-საათიანი ეკგ მონიტორინგი (ჰოლტერის მონიტორინგი).

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მედიცინის პროტოკოლი გულის კვლევას ახალშობილის დაბადებისთანავე ითვალისწინებს. ასევე, 16 წლამდე რეკომენდებულია პერიოდული ვიზიტი კარდიოლოგთან, ვინაიდან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მეტი წილი სწორედ ბავშვთა ასაკიდან იღებს სათავეს. ასევე, პედიატრიულ პაციენტებში ხშირია გულის სტრუქტურული პათოლოგიები, რითმის დარღვევები და სხვა გართულებები. დაავადებათა დროული იდენტიფიცირება და პრევენცია ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მიმართულებით იაშვილის ბავშვთა ჰოსპიტალში დასავლური გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური გუნდია ხელმისაწვდომი.

ლაბორატორია

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ლაბორატორია პედიატრიული პროფილით საჭირო კვლევების სრულფასოვან სპექტრს აერთიანებს და ორგანიზმის ბიომასალის მორფოლოგიურ, ქიმიურ, გენეტიკურ, ბაქტეროლოგიურ თუ სხვა სახის გამოკვლევას მოიცავს. კვლევები მსოფლიოში წამყვანი და უახლესი ლაბორატორიული აპარატურით ხორციელდება, ხოლო ტექნიკური კონტროლი, ხარისხის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ხელმისაწვდომია:

• ზოგადი კლინიკური ანალიზები;
• ბიოქიმიური კვლევა;
• სისხლის შემადედებელი სისტემის კვლევა;
• იმუნოლოგიური კვლევები;
• სეროლოგიური კვლევა;
• ჰორმონალური გამოკვლევა;
• მიკრობიოლოგიური/ბაქტერიოლოგიური  კვლევა;
• ციტოლოგიური  კვლევები;
• PCR-დიაგნოსტიკა;

ლაბორატორიული მედიცინის მიმართულებით იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო ქვეყნის წამყვანი ლაბორანტებითა და სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. სერვისი მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიებს ეფუძნება და დაცულია გარე და შიდა ხარისხის კონტროლის მექანიზმები.

ყბა-სახის ცენტრი

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ყბა-სახისა და რბილი ქსოვილების ამბულატორიული დიაგნოსტიკა-მკურნალობა მძლავრად არის განვითარებული. მიმართულება პედიატრიული პაციენტებისთვის სრულფასოვანი მომსახურების მიწოდებას ითვალისწინებს და დაკომპლექტებულია სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა მაღალკვალიფიციური გუნდით.

დიაგნოსტიკა კლინიკაში მაღალტექნოლოგიურია. ტარდება როგორც პანორამული რენტგენოგრაფია, ასევე - კომპიუტერული ტომოგრაფია.

ამბულატორიულად ხელმისაწვდომ მრავალ სერვისს შორის გამორჩეულია ორთოპედიული სტომატოლოგია. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ტარდება მაღალი სირთულის ორთოპედიული პროთეზირება, რაც პედიატრიული პაციენტებისთვის საუკეთესო გამოსავალს, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნიდან გაუსვლელად ქმნის.

ამბულატორიულ რეჟიმშია ასევე შესაძლებელი ქირურგიული სტომატოლოგია, რაც მოიცავს რთული კბილების, განუვითარებელი ჩანასახებისა და მაღალი სირთულის ოდონტოგენური პათოლოგიების მკურნალობას.

გარდა ამისა, ამბულატორიული სერვისი მოიცავს პირის ღრუს ისეთ ქირურგიულ ოპერაციებს, რომლებიც კლინიკაში დაყოვნებას არ საჭიროებს. მათ შორის, ხელმისაწვდომია სანერწყვე ჯირკვლების სადინრების პლასტიკა, ენის ქრონიკული ტრავმების, პაპილომა ვირუსის, ფიბრომის, წყლულების, ცისტებისა და სხვა სახის პათოლოგიური წარმონაქმნების მკურნალობა.

სტომატოლოგია

ბავშვთა და მოზარდთა სრულფასოვანი სტომატოლოგიური სერვისი ერთ სივრცეში - იაშვილის კლინიკა პედიატრიულ პაციენტებს თერაპიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიურ მკურნალობას სთავაზობს. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური და სტომატოლოგიური აპარატურით. მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაპროექტებული სასტერილიზაციო, რაც ინფექციების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

უფრო კონკრეტულად, სტომატოლოგიურ განყოფილებაში ხელმისაწვდომია:

• ბავშვთა თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგია;
• ორთოპედია;
• ორთოდონტია;
• ყბა-სახის ქირურგია;
• დენტალური ტრავმები;
• რენტგენოლოგიური კვლევები;

მნიშვნელოვანია, რომ პირის ღრუს სანაცია (კბილების მკურნალობა) ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზით) ერთ ეტაპად (ერთი დაძინებით) ხორციელდება. პროცესში ჩართულია საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექიმ-სტომატოლოგთა, ანესთეზიოლოგთა და პედიატრთა გუნდი.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრევენციულ ღონისძიებებსა და სახლის პირობებში პირის ღრუს ჰიგიენური ნორმების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მინიმუმამდე ამცირებს შემდგომ სტომატოლოგიურ გართულებებს როგორც ბავშვებში, ასევე - მოზარდებში.

 

ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ფსიქიატრიის ცენტრი

იაშვილის კლინიკის ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის მიმართულება ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც 0-დან 18 წლამდე ასაკში გვთავაზობს იშვიათი და მძიმე ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. პაციენტების მოვლა და მკურნალობა საჭიროებისამებრ ხორციელდება როგორც სტაციონარულად, ასევე - ამბულატორიულ რეჟიმში.

სადიაგნოსტიკო საშუალებებიდან ხელმისაწვდომია ისეთი ინსტრუმენტული კვლევები, როგორიცაა: ნეიროსონოგრაფია, რუტინული და ხანგრძლივი ვიდეო ელექტროენცეფალოგრაფიული მონიტორინგი, ელექტრონეიროგრაფია, ელექტრომიოგრაფია, ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი, ნეიროვიზუალიზაცია.

ნევროლოგიურ მიმართულებაში ჩართულია ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიების შემსწავლელი გუნდი (ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიების შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები), რომელიც მუშაობს ისეთ იშვიათ დაავადებებზე, როგორებიც არის კუნთების პროგრესული დისტროფია და სპინალური კუნთების ატროფია. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოში ამ დაავადებების მედიკამენტური მკურნალობა გახდა შესაძლებელი. სამკურნალოდ არსებული სამი მედიკამენტიდან ორი მათგანი საქართველოში პირველად, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გამოიყენეს.

ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვა მოიცავს მულტიდისციპლინურ მიდგომას. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო დაკომპლექტებულია დასავლური გამოცდილების მქონე ქვეყნის წამყვან სპეციალისტთა გუნდით, რომელშიც ნევროლოგები, ორთოპედები, ტრავმატოლოგები, გენეტიკოსები, რეაბილიტოლოგები, პედიატრები, კრიტიკული მედიცინის სპეციალისტები და ანესთეზიოლოგები ერთიანდებიან. ცენტრი მოიცავს ასევე ფსიქოთერაპიის მძლავრ სერვისს.

კვლევითი ინსტრუმენტები და კვალიფიცირებული სპეციალისტების კონსულტაციები ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. მით უმეტეს, რომ ბავშვთა ასაკში პაროქსიზმული მდგომარეობების (თავის ტკივილი, გულყრა, უნებლიე მოძრაობები) და განვითარების პრობლემები საკმაოდ ხშირია. ჩვენი ცენტრის ეპილეპტოლოგები ამ მხრივ მომსახურების სრულ სპექტრს გვთავაზობენ.

ნევროლოგიის ცენტრი 4 თვემდე ასაკში ცერებრული დამბლის ამოცნობის საშუალებასაც იძლევა. ამ მხრივ იაშვილის კლინიკა ერთადერთია ქვეყანაში, სადაც შემუშავდა დიაგნოსტიკისა და მართვის სტანდარტი, რომლის დახმარებითაც ცერებრული დამბლის დიაგნოსტიკა, 12-24 თვის ნაცვლად, 4 თვემდე ბავშვებში გახდა შესაძლებელი.

სერვისი ასევე მოიცავს:

• ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობას;
• არაეპილეფსიურ მდგომარეობებს ბავშვებში;
• ცერებრული დამბლის დიაგნოსტიკას;
• ნეონატალური ასაკის ნევროლოგიური აშლილობების მკურნალობას;
• ნერვ-კუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა-მართვას;
• ბავშვებში თავის ტკივილისა და შაკიკის იდენტიფიცირება-მკურნალობას;
• ყველა სახის ნეიროდეგენერაციული და ცერებროვასკულური დაავადების მართვას და სხვა.

რაც შეეხება ფსიქიატრიულ მიმართულებას - ცენტრში პატარების ფსიქიკის შეფასება სხვადასხვა ტესტით ხორციელდება, მათ შორის ტარდება: M-Chat, ASQ-3, CAP, Baylay-II, KABC-II -ის ტესტები, რაც მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს.

 

 

პედიატრიული ენდოკრინოლოგიის და დიაბეტის საერთაშორისო კონფერენცია

სტაციონარი

ამბულატორია