მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უიშვიათესი პათოლოგიის, მოიამოიას დაავადების მკურნალობა წარმატებით ჩატარდა. 13 წლის ბავშვი ჰოსპიტალში პარკუჭოვანი სისხლჩაქცევით შეიყვანეს. მას მწვავე ოკლუზიური ჰიდროცეფალია აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა ურგენტულად დრენაჟის გამოყენება გადაწყვიტეს და შოკურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება კლინიკაში შეყვანისთანავე შეძლეს. მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ იშემიური ინსულტი გამოავლინა, ანგიოგრაფიის ჩატარების შედეგად კი უიშვიათესი დაავადების, მოიამოიას დიაგნოზი დაისვა. აღნიშნული პათოლოგია თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების პროგრესირებად დაზიანებას გულისხმობს და მისი წარმოშობის მიზეზი მედიცინისთვის დღემდე უცნობი რჩება, თუმცა იაშვილის ექიმებმა ქსელის წამყვან სპეციალისტებთან ერთად პაციენტის მკურნალობის გზები დასახეს.
„ოპერაციამდე ექიმებმა ყველა შესაძლო გართულების შესახებ მომაწოდეს ინფორმაცია. ერთი შეხედვით ჩემი ჯანმრთელი შვილი იმდენად წამიერად გახდა ძალიან ცუდად, რომ სიმართლე გითხრათ, იმედიც კი გადაწურული მქონდა. არც კი ვიცი, როგორ უნდა გამოვხატო მადლიერება ექიმების მიმართ,“ – იხსენებს ბავშვის დედა.
მკურნალი ექიმების თქმით, ერთობლივი ძალისხმევით იშვიათ დაავადებაზე გამარჯვება შესაძლებელი აღმოჩნდა: „მივიღეთ პიალური სინანგიოზის ჩატარების გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს საფეთქლის ზედაპირული არტერიის ფიქსაციას თავის ტვინის ქსოვილთან. ეს მეთოდი, საბოლოო ჯამში, ახალი სისხლძარღვების წარმოქმნის სტიმულაციას ახდენს და მნიშვნელოვნად ამცირებს მომავალში იშემიური ინსულტის განვითარების რისკს.“
მკურნალობა წარმატებით დასრულდა, ბავშვი კი ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდა.