მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა მორიგი ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს და 8 წლის პაციენტს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. გოგონა თბილისში ქარელის საავადმყოფოდან გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ის ხიდან ჩამოვარდა და ლითონის გრეხილით უმძიმესი დაზიანებები მიიღო.
„ეს შოკისმომგვრელი დღე არასდროს დამავიწყდება. სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს საშინელი სცენა დამხვდა. ჩემი პატარა გოგონა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელოვნით, ლითონის გრეხილზე ჩამოცმული დავინახე. ამხელა ტრავმის მიუხედავად, გონება არც ერთი წამით არ დაუკარგავს. გამუდმებით იმეორებდა, რკინა დროზე გამოიღეთ ჩემი სხეულიდანო. ისევ მან მომცა მისი სიცოცხლისთვის ბრძოლის იმედი,“ – იხსენებს პატარა პაციენტის დედა. გოგონას ლითონის გრეხილი ბარძაყის ზედა მესამედში შეესო. გაიარა შორისის მიდამოები, მცირე მენჯი, ღვიძლისა და თირკმლის საპროექციო არეები და მეცხრე ნეკნთან შეჩერდა. პაციენტის მკურნალი ქირურგი, მიხეილ კალატოზიშვილი იხსენებს, რომ საკაცეზე მწოლიარე გოგონა მძიმე სანახავი იყო.
„ოპერაცია 4 მცირე განაკვეთით ჩავატარეთ. ქირურგიული მანიპულაცია საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა კიდევ უფრო საოცარი იყო ის, რომ ლითონის გრეხილს არ დაუზიანებია არც თირკმელი, არც ღვიძლი, არც შარდის ბუშტი და, რაც მთავარია, არც არტერიების მთლიანობა იყო დარღვეული. ბატონ მალხაზ კარტოზიასთან ერთად ჩამოვაყალიბეთ კანქვეშა გვირაბი და უცხო სხეული პაციენტს მაქსიმალური სიფრთხილით ამოვუღეთ,“ – ამბობს ბავშვთა ქირურგი, მიხეილ კალატოზიშვილი.
გოგონა დღეს სრულიად არის გამოჯანმრთელებული. ის ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდა.