Search
Close this search box.
Search
Close this search box.

48-წლიანი ისტორია

ნახევარი საუკუნე პატარების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სადარაჯოზე – დღეს უკვე ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 48 წელია, ქვეყნის ნომერ პირველი მრავალპროფილური პედიატრიული ცენტრის სახელს ინარჩუნებს და პატარა პაციენტებისთვის სრულფასოვან სამედიცინო სერვისს ქმნის.

ჩვენი კლინიკის განვითარების ისტორია უკავშირდება ადამიანს, რომელმაც სიცოცხლეშივე მიიღო საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება. მურმან იაშვილის წვლილი წარუშლელია მედიცინის განვითარებაში. ექიმი, რომლის სახელსაც დღეს ქვეყნის უმსხვილესი ბავშვთა საავადმყოფო ატარებს, პედიატრიული სერვისების დანერგვასა და განვითარებას მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურა და შექმნა პირველი მულტიდისციპლინური სტაციონარული დაწესებულება ქვეყანაში.

მურმან იაშვილი დიდ რესურსს დებდა ახალგაზრდა კადრების სწავლა-განვითარებაში და სწავლების უწყვეტი პროცესისკენ იყო ორიენტირებული. სწორედ ამ მიდგომას იზიარებს და მისდევს დღემდე ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც ქვეყნის სამედიცინო ბრენდად იქცა.

იაშვილის საავადმყოფო ერთადერთი პედიატრიული მრავალპროფილური, რეფერალური კლინიკაა ქვეყანაში და მრავალ უნიკალურ სამედიცინო სერვისთან ერთად, უზრუნველყოფს 24-საათიან სამედიცინო მომსახურებას პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მათ შორისაა მე-4 დონის ტრავმატოლოგია, მე-3 დონის ბავშვთა ნევროლოგია, ნეიროქირურგია, ნეონატოლოგია, ქირურგია (მე-4 და მე-5 კატეგორიის ქირურგიული ჩარევებით), ტოქსიკოლოგია, ონკოლოგია, ონკოჰემატოლოგია, თორაკოქირურგია, ენდოსკოპიური უროლოგია, ხელოვნური თირკმელი და სხვა.

ხელოვნური თირკმლის და დიალიზის განყოფილებები ქვეყანაში სწორედ მურმან იაშვილის ინიციატივით და თავდაუზოგავი შრომით შეიქმნა. მან დააარსა ასევე პირველი ნეონატოლოგიური დეპარტამენტი, რითაც დღენაკლულ ჩვილებს მისცა სიცოცხლის გაგრძელების უნიკალური შანსი. მურმან იაშვილსვე ეკუთვნის დღეს უკვე პოპულარული და საყოველთაოდ დანერგილი ოჯახის ექიმის ინსტიტუტიც.

დღეს უკვე იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მრავალ უნიკალურ პედიატრიულ სამედიცინო მიმართულებას ნერგავს და ავითარებს. მათ შორისაა ნეიროქირურგია, ტოქსიკოლოგია, თორაკალური ქირურგია, ხერხემლის ქირურგია. კლინიკა ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური სერვისის ერთადერთ მიმწოდებლად რჩება ქვეყანაში. ასევე, აღსანიშნავია ჰოსპიტლის თანამშრომლობა ჰოლანდიაში არსებულ პათომორფოლოგიურ ლაბორატორიის ბაზასთან, სადაც ხორციელდება რთული შემთხვევების პათოლოგ-ანატომიური დიაგნოსტიკა.

კლინიკა ასევე წარმოადგენს რამდენიმე სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ბაზას.

იაშვილის საავადმყოფო პატარა პაციენტებზე მორგებულ, კომფორტულ და სტრესისგან რაც შეიძლება თავისუფალ გარემოს ქმნის. შექმნილია გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მათი თანმხლები პირებისთვის.

ფილტვის ცენტრი

ფილტვის ცენტრი ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მართვას ემსახურება. მულტიდისციპლინური გუნდის ჩართულობა უზრუნველყოფს პერსონალიზებულ ამბულატორიულ სერვისს 0-დან 18 წლამდე იმ პაციენტებისთვის, რომელთაც სასუნთქი სისტემის თანდაყოლილი, შეძენილი, ალერგიული და იშვიათი პათოლოგიების, ასევე - ტუბერკულოზისა და გულმკერდის ღრუს ორგანოთა დაავადებების კუთხით სპეციალიზებული მომსახურების მიღება ესაჭიროებათ. მკურნალობის პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტია (პედიატრი, ბავშვთა პულმონოლოგი, ფტიზიატრი, ალერგოლოგი, ბავშვთა ქირურგი, ენდოსკოპისტი, რადიოლოგი) ჩართული.

წარმატებით იმართება ფილტვის რღვევით, პლევრული გართულებებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მიმდინარე დაავადებები, მწვავე რესპირაციული ინფექციები (მწვავე ბრონქიტი, კრუპი, ბრონქიოლიტი), ფილტვის ქრონიკული დაავადებები (კისტური ფიბროზი, ინტერსიციული პლევმონია, ბრონქული ასთმა) და ნერვ-კუნთოვანი გართულებების ფონზე მიმდინარე პულმონური პათოლოგიები. ასევე, ცენტრში ხელმისაწვდომია ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევების დიფერენციული დიაგნოსტიკა.

სასუნთქი სისტემის დიაგნოსტიკური მიმართულებით ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრია ხელმისაწვდომი. ტარდება მაღალტექნოლოგიური და სპეციფიკური გამოკვლევები. მათ შორის:

• სპირომეტრია - გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევა;
• ბაზისური ალერგიული სინჯები;
• კომპიუტერული ტომოგრაფია;
• რენტგენოლოგიური კვლევა;
• გულ-მკერდის ექოსკოპიური კვლევა;
• ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა, მათ შორის - ბრონქოსკოპია;
• მსტვინავი სუნთქვის ადრეული დიაგნოსტიკა WheezeScan-ის აპარატით;
• სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ვირუსული გამომწვევების სრული პანელის შესწავლა ლუგარის ლაბორატორიის ბაზაზე;
• ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის - ბაქტერიული, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური გამოკვლევა;

პედიატრიული ენდოკრინოლოგიის და დიაბეტის საერთაშორისო კონფერენცია

სტაციონარი

ამბულატორია