თითქოს ერთი ჩვეულებრივი, რიგითი დღე უნდა ყოფილიყო 8 წლის ნინისთვის, რომელიც თანატოლების ჟრიამულის ხმის გაგონებისთანავე სახლიდან სირბილით გავიდა და ბავშვური, თუმცა ლამის საბედისწერო შეცდომა დაუშვა – ქუჩაში მორბენალ გოგონას მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც რთული და ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდი დაიწყო.
დედა იხსენებს, რომ გოგონა შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თავდაპირველად ტკივილს ვერ გრძნობდა. გამუდმებით სვამდა მხოლოდ ერთადერთ შეკითხვას – თუ იყო ცოცხალი….
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე პატარა პაციენტი სასწრაფოდ საოპერაციოდ მოამზადეს. გოგონას აღენიშნებოდა დიდი ზომის ნაფლეთოვანი ჭრილობები მარცხენა წვივის არეში, წვივის უკანა ჯგუფის მყესებისა და კუნთების დაზიანებები, მრავლობითი მოტეხილობა მარცხენა ბარძაყისა და წვივის მიდამოებში. ყურადღებას იქცევდა ძლიერი სისხლდენაც კიდურიდან.
რთულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ბიძინა კანაშვილის ხელმძღვანელობით ორთოპედ-ტრავმატოლოგების გუნდმა მოტეხილობების ფიქსაცია მაქსიმალურად მცირე ზომის განაკვეთებითა და ტიტანის ელასტიური ღეროების გამოყენებით განახორციელა. ტრავმების ხარისხიდან გამომდინარე, რთული და ხანგრძლივი იყო რეაბილიტაციის პროცესიც, თუმცა როგორც ბიძინა კანაშვილი იხსენებს, პაციენტის ოჯახმა ყოველდღიური მცდელობით სარეაბილიტაციო პერიოდის სწორად გავლას შეუწყო ხელი. 8 წლის ნინის კიდურის სტრუქტურები სრულფასოვნად აღუდგა და სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა.