ლიზი სტეფანოვა 10 წლის მოზარდია, რომელსაც ხერხემლის რთული დეფორმაცია აღენიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას სხეულზე 8 წლამდე დედას უცნაური არაფერი შეუმჩნევია, ერთ დღესაც დეფორმაცია მარტივად შესამჩნევი გახდა – გადახრამ 21 გრადუსს მიაღწია. „ბავშვი მარტივად იღლებოდა, უჩიოდა წელის ტკივილს და ენერგიის ნაკლებობას. თავდაპირველად, კონსერვატიული მკურნალობის მეთოდებს მივმართეთ. დაგვინიშნეს მასაჟები, ვარჯიშები, კორსეტი… შედეგი კი არ დგებოდა. გასათვალისწინებელი იყო ლიზის ასაკიც, ვინაიდან 11-12 წლამდე ხერხემლის ოპერაცია მოზარდებში რეკომენდებული არ არის,“- იხსენებს პატარა პაციენტის დედა.
ლიზის იაშვილის საავადმყოფოს ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში სრულფასოვანი კვლევები ჩაუტარდა. დიაგნოსტიკის შედეგად ორთოპედ-ტრავმატოლოგმა, მკურნალმა ექიმმა და ქირურგმა, ირაკლი ვარძუკაშვილმა ოპერაციული მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, დაავადება იმდენად სწრაფად პროგრესირებდა, რომ, ასაკის მიუხედავად, ხერხემლის რთული, ერთმომენტიანი ოპერაციის (არ საჭიროებს განმეორებით ოპერაციას) ჩატარება გახდა საჭირო. ქირურგიულ ჩარევამდე ხერხემლის დეფორმაციის კუთხემ 65-70 გრადუსს მიაღწია.
ოპერაცია თანამედროვე მიდგომებით ჩატარდა. განხორციელდა ხერხემლის უკანა დაჭიმვა შიდაკორექციის იარაღის გამოყენებით. პატარა ლიზი დღეს სრულფასოვნად, დისკომფორტის გარეშე განაგრძობს ცხოვრებას.