სოჭი… ზაფხულის ერთი, თითქოს ჩვეულებრივი, მზიანი დღე და ახალგაზრდა წყვილი, რომელიც 3 წლის შვილთან ერთად ქუჩაში სეირნობდა… ამ სცენარში უჩვეულო არაფერია, ვიდრე გამოჩნდება ავტომობილი, რომელიც ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს… ასე აღმოჩნდა პატარა პაციენტი ჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში, შემდეგ კი – სოჭის საავადმყოფოში.
როგორც ბავშვის დედა იხსენებს, კლინიკაში მისულმა ნაადრევად იზეიმა გამოკვლევების შედეგები და უარყოფითი პასუხი მოტეხილობებზე: „შვებით ამოვისუნთქე, თუმცა როგორც აღმოჩნდა, წინ ნამდვილი კოშმარი მელოდა. ჩვენ ფეხის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით,“- იხსენებს ახალგაზრდა ქალი.
პატარა პაციენტი აფხაზეთიდან თბილისში, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ტერფის მყესებისა და რბილი ქსოვილების მრავლობითი ტრავმული დაზიანება აღენიშნებოდა, მდგომარეობა კი ცხელების ფონზე უფრო მძიმდებოდა.
როგორც ბავშვთა ორთოპედი და პლასტიკური ქირურგი, თინათინ ანთაძე იხსენებს, საუბარი იყო ტერფის ამპუტაციაზე, თუმცა ექიმებმა ძალისხმევა არ დაიშურეს და მკურნალობის სწორი ტაქტიკა შეიმუშავეს: „პირველ რიგში, ჩვენ ნეკროზული ქსოვილების მოცილება დავიწყეთ და ვაკუუმ თერაპია ჩავატარეთ. შედეგი მაშინათვე დავინახეთ და მკურნალობა გავაგრძელეთ. დროთა განმავლობაში, რბილი ქსოვილები სიცოცხლისუნარიანი გახდა და პაციენტი კანის გადანერგვისთვის მომზადდა,“ – აცხადებს თინათინ ანთაძე.
წარმატებით განხორციელდა კანის ტრანსპლანტაციაც. ოჯახი კი აფხაზეთში ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა. როგორც ბავშვის დედა ამბობს, ყველა პრობლემა წარსულში დარჩა და ცხოვრების ახალი, ფერადი დღეები დაიწყო.