გასტროენტეროლოგიის ცენტრი პედიატრიულ საკონსულტაციო–დიაგნოსტიკურ სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს. ტარდება საჭმლის მომნელებელი სისტემის სრულფასოვანი ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული გამოკვლევა და მკურნალობა.
პედიატრიულ პაციენტებში გასტროენტეროლოგიური პათოლოგიების ძირითადი გამომწვევებია ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, კვებითი ფაქტორები, ანატომიური, გენეტიკური, აუტოიმუნური და ფუნქციური დარღვევები (კოლიკა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, გასტრიტი და მრავალი სხვა). იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიის ცენტრში ამ და სხვა პათოლოგიათა დიაგნოსტიკა–მართვა წარმატებით ხორციელდება. ასევე, შესაძლებელია ღვიძლისა და პანკრეასის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა, კვების დარღვევის კორექცია, ისეთი კომპლექსური პათოლოგიების მართვა, როგორიც არის ანორექსია, ცელიაკია, კისტური ფიბროზი.
გასტროენტეროლოგიის ცენტრში ხელმისაწვდომია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კვლევის ნებისმიერი მეთოდი: კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოლოგიური კვლევა, კონტრასტული კვლევები, ენდოსკოპიური გამოკვლევები (გასტროსკოპია, კოლონოსკოპია), რაც ზუსტი დიაგნოზის დასმას უზრუნველყოფს და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას ამარტივებს.
საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით ტარდება. მათ შორის, ხორციელდება ჩარევები ნაღვლის ბუშტზე, საყლაპავზე, სწორ ნაწლავზე, მსხვილ ნაწლავზე, ღვიძლზე, პანკრეასსა და სანაღვლე სადინრებზე. აღსანიშნავია, რომ სანაღვლე გზების თანდაყოლილი ატრეზიის ქირურგია მხოლოდ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოშია ხელმისაწვდომი. კლინიკაში ხორციელდება ასევე სხვადასხვა სახის თიაქრის კორექცია და სხვა.