მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, ნანა ცხაკაია 50-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პედიატრი, ბავშვთა პულმონოლოგი და ფთიზიატრია, რომელიც რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში პედიატრიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. მისი პროფესიული მოღვაწეობა იაშვილის ბავშვთა კლინიკას 1976 წლიდან უკავშირდება.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი. კლინიკური ორდინატურა ფთიზიატრიაში თსსუ-ს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა კათედრაზე გაიარა, ხოლო ასპიტანტურაში პედიატრიის განხრით ისწავლა. 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ბავშვებში ფილტვების ბაქტერიულ დესტრუქციებს ეხებოდა და გახდა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 2004 წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბავშვთა ტუბერკულოზის პათოგენეზის შესახებ და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
2006 წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული კათედრის ასისტენტი იყო, 2012 წლიდან კი – „აიეტის“ პულმონოლოგიური დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 2020 წლიდან არის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სრული პროფესორი. ამავე დროს, 2024 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფთიზიატრიის კათედრის მოწვეული პროფესორი გახლავთ. ნანა ცხაკაიამ კვალიფიკაცია სხვადასხვა დროს დასავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში აიმაღლა. მათ შორის – აშშ-ში, აიოვას სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტლის ალერგია-პულმონოლოგიის დეპარტამენტში. არის:
• საქართველოს პედიატრიული, რესპირაციული, ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციების წევრი;
• საქართველოს რესპირაციული ასოციაციის „ტუბერკულოზისა და რესპირაციული ინფექციების“ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე;
• ევროპის რესპირაციული ასოციაციის წევრი;
• საქართველოს პედიატრთა აკადემიის საბჭოს წევრი;
• საქართველოს რესპირაციული ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი;
• ჟურნალ “საქართველოს პედიატრის” სარედაქციო საბჭოს წევრი;
• ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ავტორი;
• სარეზიდენტო პროგრამების ლოკალური ხელმძღვანელი პედიატრიასა და ბავშვთა ფთიზიატრიაში;
ნანა ცხაკაია 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სადისერტაციო ნაშრომების ექსპერტი და რეცენზენტია. მის სახელს უკავშირდება კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების გაიდლაინი ბავშვებში ტუბერკულოზის მართვისა (თანაავტორი) და ახალი კორონავირუსით გამოწვეული მულტისისტემური ანთებითი სინდრომის მკურნალობის (თანაავტორი) მიმართულებებით.
არის მრავალი საერთაშორისო კონგრესის, მათ შორის რესპირაციული ასოციაციის კონგრესების (2010, 2014, 2016, 2018, 2020, 2022, 2024) მოწვეული სპიკერი; საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის (2023, 2024) კონგრესების სპიკერი.