მედიცინის დოქტორი, ვლადიმერ წიქარიშვილი ქვეყნის წამყვანი ნეიროქირურგია, რომელიც იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ნეიროქირურგიის სამსახურს ხელმძღვანელობს. მის სახელს უკავშირდება ასობით ურთულესი ოპერაცია თავის ტვინზე ჩვილებსა და ბავშვებში.
არის საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოების, ამერიკის ნეიროქირურგთა ასოციაციის (AANS), ამერიკის ნეიროქიირურგთა კონგრესის (CNS), ევროპის ნეიროქირურგიულ საზოგადოებათა ასოციაციის (EANS) და ხერხემლის სამეცნიერო საზოგადოების ევროპული სექციის (AOSpine) წევრი. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია და არის 2 მონოგრაფიის ავტორი. ასევე, 2009 წელს, მისი რედაქციით გამოიცა ამერიკის გულის და ინსულტის ასოციაციების მიერ შემუშავებული ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევების მართვის კლინიკური გზამკვლევის ადაპტირებული, ქართულენოვანი თარგმანი.
ვლადიმერ წიქარიშვილმა განათლება საქართველოსა და რუსეთში მიიღო. სწავლობდა ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში. პროფესიული განვითარების მიზნით კლინიკური სტაჟირება გაიარა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. მათ შორის – მეიოს კლინიკაში (პედიატრიული ნეიროქირურგია, ეპილეფსიის ქირურგია), ლონდონის ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ნაციონალურ ჰოსპიტალში (ხერხემლის ქირურგია), ბერლინის შარიტეს კლინიკაში (სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია), ნაპოლის ფედერიკო II-ის საუნივერსიტეტო კლინიკასა და (ენდოსკოპიური ტრანსსფენოიდალური ქირურგია) ტიუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ქალა-ფუძის ქირურგია).
 
								 
								