მედიცინის დოქტორი, ნინო ტოტოღაშვილი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ჰემატოლოგიის, ონკოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის მიმართულებებით. მედიცინის დოქტორის სტატუსი ქალაქ ფრაიბურგის უნივერსიტეტის ბაზაზე მიიღო.
ორწლიანი კლინიკური სტაჟირება ფრაიბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ ცენტრში ჰემატოლოგიური, ონკოლოგიური და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მიმართულებით გაიარა. პერიოდულად, სხვადასხვა ხანგრძლივობის სტაჟირებას ამერიკისა და გერმანიის კლინიკებში გადის.
ნინო ტოტოღაშვილი მწვავე ლიმფოიდური ლეიკემიის სამკურნალო პროტოკოლის ALL-IC-BFM ნაციონალური კოორდინატორია საქართველოში და ამავე ჯგუფის ყოველწლიური კონფერენციების სამუშაო შეხვედრების მონაწილე გახლავთ. 2017 წელს ამერიკის ჰემატოლოგთა ასოციაციის მიერ (SOHO) მიენიჭა ელჩის წოდება საქართველოდან.
ნინო ტოტოღაშვილი საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტია ბავშვთა ონკოჰემატოლოგიაში. ასევე, არის საქართველოს პედიატრ-ჰემატოლოგთა და ონკოჰემატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და ევროპის პედიატრიული ონკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (SIOP) აქტიური წევრი.