ზოგადი, აბდომინური და თორაკალური ქირურგიის განყოფილება მოიცავს სპეციალიზებული სერვისების ფართო სპექტრს, რომელიც სხვადასხვა ქირურგიული საჭიროების მქონე ნებისმიერი ასაკის (0-დან 18 წლამდე) პედიატრიულ პაციენტს სრულფასოვან მომსახურებას სთავაზობს.
იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო მართავს ყველაზე მძიმე ქირურგიულ პათოლოგიებსა და განვითარების მანკებს ახალშობილებში. წარმატებით ხორციელდება მაღალი სირთულის ოპერაციული მკურნალობა, მათ შორის – თანდაყოლილი ანომალიებისა და სიმსივნეების ქირურგია.
ზოგადი და აბდომინური ქირურგიის მიმართულებით ხელმისაწვდომია ყველა სახის ოპერაციული ჩარევა ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზარდებში. წარმატებით ტარდება ოპერაციები ნაღვლის ბუშტზე (ქოლეცისტექტომია, „კასაის“ ოპერაცია, სანაღვლე გზების პათოლოგიების მკურნალობა, სანაღვლე სადინრების აღდგენა და სხვა), ღვიძლსა და პანკრეასზე. ხორციელდება თორმეტგოჯა ნაწლავის ქირურგია გამავლობის სრულფასოვანი აღდგენით, ჰირშპრუნგის დაავადების
მკურნალობა ტრანსანალური მიდგომით, მსხილი და წვრილი ნაწლავის პათოლოგიების ოპერაციული მკურნალობა. ასევე, ხელმისაწვდომია აპენდექტომია (ბრმა–ნაწლავის ამოკვეთა), გასტრექტომია (კუჭის ნაწილობრივი ან მთლიანი რეზექცია), პროქტოლოგიური ოპერაციები, სხვადასხვა გენეზის პორტული ჰიპერტენზიების ქირურგია და ისეთი იშვიათი პათოლოგიების მკურნალობა, როგორიცაა – ხმელთაშუა ზღვის ცხელება, გლუტეინის დაავადება (ცელიაკია), არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი.
თორაკალური ქირურგიის მიმართულებით ახალშობილებში, ბავშვებსა და მოზარდებში ყველა სახის თორაკალური ოპერაცია ტარდება. მათ შორის, ხელმისაწვდომია სასუნთქი გზებისა და გულ–მკერდის ღრუს ორგანოების თანდაყოლილი ანომალიების, შეძენილი დაავადებებისა და ტრავმული დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა. უფრო კონკრეტულად, წარმატებით ხორციელდება ტრაქეის ქირურგია, დიაფრაგმის თიაქრების, ფილტვის თანდაყოლილი ატრეზიების, ფილტვისა და საყლაპავის ანომალიების, გულ–მკერდის დეფორმაციებისა და სიმსივნეების ოპერაციული მკურნალობა.
ოპერაციები ტარდება როგორც ტრადიციული მეთოდით, ასევე – თანამედროვე მიდგომებით, რომელიც მინიინვაზიურ განაკვეთს, გართულებების მინიმუმამდე დაყვანილ რისკს და გამარტივებულ პოსტოპერაციულ პერიოდს გულისხმობს.