პერიფერიული ნერვული სისტემის გამოკვლევა და ნებისმიერი სირთულის დაავადების მკურნალობაა ის სერვისი, რომელსაც ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისა და ფსიქიატრიის ცენტრი ნებისმიერი ასაკის პედიატრიულ პაციენტებს სთავაზობს. ამ მიმართულებით დაკომპლექტებულია დასავლური გამოცდილების მქონე ქვეყნის წამყვან სპეციალისტთა გუნდი, რომელშიც ნევროლოგები, ეპილეფტოლოგები, ნეიროქირურგები, გენეტიკოსები, პედიატრები და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტები ერთიანდებიან. ცენტრი მოიცავს ასევე ფსიქოთერაპიის მძლავრ სერვისს.
ცენტრი პედიატრიული მიმართულებით ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც 0-დან 18 წლამდე პაციენტებს იშვიათი ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება ინსტრუმენტული კვლევები, მათ შორის ხელმისაწვდომია ნეიროსონოგრაფია, ელექტროენცეფალოგრამა, არტერიული წნევის მონიტორი და სხვა.
კვლევითი ინსტრუმენტები და სპეციალისტების კონსულტაციები ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. მით უმეტეს, რომ ბავშვთა ასაკში პაროქსიზმული მდგომარეობებისა (თავის ტკივილი, გულყრა, უნებლიე მოძრაობები) და განვითარების პრობლემები საკმაოდ ხშირია. ცენტრი 4 თვემდე ასაკში ცერებრული დამბლის ამოცნობის საშუალებასაც იძლევა. ამ მხრივ იაშვილის კლინიკა ერთადერთია ქვეყანაში, სადაც შემუშავდა დიაგნოსტიკისა და მართვის სტანდარტი, რომლის დახმარებითაც ცერებრული დამბლის დიაგნოსტიკა 12-24 თვის ნაცვლად, 4 თვემდე ბავშვებში გახდა შესაძლებელი.
სერვისი ასევე მოიცავს:
- ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობას;
- არაეპილეფსიური მდგომარეობებსბავშვებში;
- ცერებრული დამბლის დიაგნოსტიკას;
- ნეონატალური ასაკის ნევროლოგიური აშლილობების მკურნალობას;
- ნერვ–კუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა–მართვას;
- ბავშვებში თავის ტკივილისა და შაკიკის იდენტიფიცირება–მკურნალობას;
- ყველა სახის ნეიროდეგენერაციული და ცერებროვასკულური დაავადების მართვას და სხვა.
ნევროლოგიურ მიმართულებაში ჩართულია ნერვ–კუნთოვანი პათოლოგიების შემსწავლელი გუნდი (ნერვ–კუნთოვანი პათოლოგიების შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრნი), რომელიც მუშაობს ისეთ იშვიათ დაავადებებზე, როგორებიცაა: კუნთთა პროგრესული დისტროფია და სპინალური კუნთების ატროფია. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოში ამ დაავადებების მედიკამენტური მკურნალობა გახდა შესაძლებელი. სამკურნალოდ არსებული სამი მედიკამენტიდან ორი, საქართველოში პირველად, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გამოიყენეს.
რაც შეეება ფსიქიატრიულ მიმართულებას – ცენტრში პატარების ფსიქიკის შეფასება სხვადასხვა ტესტით ხორციელდება, მათ შორის ტარდება: M-Chat, ASQ-3, CAP, Baylay-II, KABC-II –ის ტესტები, რაც მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდს წარმოდგენს.