იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს საოპერაციო ბლოკი უახლესი და თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით არის აღჭურვილი და პედიატრიულ პაციენტებზე ზრუნვის უმაღლეს სტანდარტებზეა მორგებული. მოიცავს მაღალი გარჩევადობის ვიზუალიზაციის სისტემებს, მინიინვაზიური თუ ტრადიციული ქირურგიული ჩარევებისთვის საჭირო ინსტრუმენტებსა და პედიატრიული მოვლისთვის მორგებულ სპეციალიზებულ საანესთეზიო აღჭურვილობას.
უფრო კონკრეტულად, საოპერაციო ბლოკი მოიცავს საანესთეზიო მანქანას და პაციენტის მონიტორს, რომელზეც ყველა ის სასიცოცხლო პარამეტრია გამოტანილი, რაც ამერიკის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის მიერ არის რეკომენდებული. ეს ყოველივე ანესთეზიოლოგებსა და ქირურგებს საშუალებას აძლევს, ქირურგიული ჩარევები უსაფრთხოდ, გართულებების გარეშე, დასავლური სტანდარტების დაცვით ჩატარდეს.
ქირურგიული მიმართულებით იაშვილის ბავშვთა ჰოსპიტალში ტარდება ნეიროქირურგიული, ენდოვასკულური, უროლოგიური, ზოგადქირურგიული, თორაკოქირურგიული, ტრავმატოლოგიური ოპერაციები და მრავალი სხვა. გუნდი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით, მათ შორის – სხვადასხვა მიმართულების ქირურგებითა და პედიატრიულ ანესთეზიოლოგთა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.