ორთოპედია–ტრავმატოლოგიისა და ხერხემლის ქირურგიის განყოფილება სპეციალიზებულ სერვისებს მოიცავს და მიმართულია საყრდენ–მამოძრავებელი სისტემისა და კუნთოვანი ქსოვილების ტრავმული დაზიანებებისა თუ დაავადების სამკურნალოდ. 0-დან 18 წლამდე პედიატრიულ პაციენტებს გუნდი 24 საათის განმავლობაში აწვდის მომსახურებას.
მაღალი სირთულის ოპერაციები, ძირითადად, მინი ინვაზიური მეთოდით ტარდება და მოიცავს მსოფლიოში აპრობირებულ MIPO ტექნიკას, რაც მოტეხილი ძვლების სტაბილიზაციისთვის სპეციალური ფირფიტის შეყვანას მინიმალური განაკვეთით გულისხმობს. თანამედროვე მიდგომას წარმოადგენს ასევე ტიტანის ელასტიური ღეროების გამოყენება.
განყოფილებაში წარმატებით ხორციელდება მენჯ–ბარძაყის სახსრისა და ძვალ–კუნთოვანი სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების ოპერაციული მკურნალობა, სახსრების კონრაქტურის საკორექციო პროცედურები, კიდურების თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციებისა თუ არათანაბარი სიგრძის კორექცია, მყესების დაგრძელება–დამოკლების მანიპულაციები, საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის კეთილთვისებიანი სიმსივნეების ქირურგია, სხვადასხვა ტრავმული დაზიანების და დეფორმაციის კორექცია და სხვა.
აღსანიშნავია ასევე ხერხემლის ქირურგიის წარმატების მაჩვენებელი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში. ხორციელდება ხერხემლის ყველა სახის დეფორმაციისა თუ პათოლოგიის ოპერაციული და კონსერვატიული მკურნალობა. ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს შორის აღსანიშნავია სხვადასხვა სახის სქოლიოზის, კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრების, კისერმრუდობის, ნეკნოვანი კუზის, არამდგრადი ხერხემლისა და კუდუსუნის დეფორმაციების მკურნალობა.