Iashvili Hospital

ცელიაკია

ცელიაკია აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც საჭმლის მონელების დარღვევით მიმდინარე წვრილი ნაწლავის ქრონიკული ანთებით გამოიხატება და, უმეტესად, ნაწლავის ლორწოვან გარსს აზიანებს. ბავშვებში დაავადების იშვიათობა გენეტიკური, გარემოფაქტორებისა და იმუნური სისტემის ერთობლიობას უკავშირდება.

პათოლოგიას გენეტიკური მარკერები (CHLA-DQ2; HLA-DQ8) და ზოგიერთ მარცვლეულ კულტურაში (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია) შემავალი ცილები განაპირობებს. მათ შორის ყველაზე საგანგაშო ცილა გლუტენია, რის გამოც დაავადებას გლუტენურ ენტეროპათიასაც უწოდებენ. ცელიაკიის მქონე ბავშვებში გლუტენის მიღებისას იმუნური სისტემა შეცდომით უტევს წვრილი ნაწლავის ლორწოვან გარსს, რაც ანთებით პროცესებსა და დაზიანებებს იწვევს.

დაავადების სიმპტომატიკა ცელიაკიის ფორმის და პაციენტის ასაკის მიხედვით განსხვავდება. კლასიკურ ცელიაკიას ახასიათებს მალაბსორბციის სინდრომი, რომელიც მოიცავს დიარეას, სტეატორეას, წონის კლებას მოზრდილებში ან ზრდის შეფერხებას ბავშვებში. არაკლასიკური ცელიაკიის დროს კი მოსალოდნელია მსუბუქად გამოხატული გასტროენტეროლოგიური სიმპტომები მალაბსორბციის მკვეთრი კლინიკური ნიშნების გარეშე. ზოგ შემთხვევაში დამახასიათებელია სახსრების ტკივილი, თმის ცვენა, ვიტილიგო, სქესობრივი განვითარების შეფერხება და სხვა. ზოგჯერ კი დაავადება უსიმპტომოდ და ფარულად მიმდინარეობს.

ცელიაკიის დიაგნოსტიკა სპეციალური კვლევის საშუალებით ხორციელდება. პირველ ეტაპზე, სეროლოგიური ტესტირება ტარდება, რომელზე დადებითი პასუხის შემთხვევაშიც დიაგნოზის დადასტურება წვრილი ნაწლავის ბიოფსიური მასალის ჰისტომორფოლოგიური შესწავლით ხდება.

დაავადების პირველადი მკურნალობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უგლუტენო კვებას ითვალისწინებს, რაც გლუტენის შემცველ პროდუქტებსა და საკვებ დანამატებზე უარის თქმას გულისხმობს. პაციენტმა შეიძლება მიიღოს ბრინჯი, კარტოფილი, სიმინდი, ლობიო და სხვა. უგლუტენო დიეტა კურნავს ნაწლავის ლორწოვან გარსს, ამსუბუქებს სიმპტომატიკას და აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს პაციენტებში. უნდა აღინიშნოს, რომ გლუტენს მხოლოდ ხორბლის, ჭვავის და ქერის ნაწარმი კი არ შეიცავს, ის შესაძლოა უამრავი მზა პროდუქტის, მათ შორის მედიკამენტების შემადგენლობაში შედიოდეს, ამიტომ უგლუტენო დიეტის დაცვა არ ისე ადვილია